თებერვალი 21 , 2022
ამერიკელებს სტანდარტები უყვართ, როგორც განათლებაში, ისე თითქმის ყველა სფეროში. მრავალი დაწერილი თუ დაუწერელი კანონის ერთობლიობა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნის ფუნქციონირებას განაპირობებს ისე, რომ ინდივიდები ერთმანეთს არათუ ხელს უშლიან, არამედ, პირიქით, კოოპერაციის გზით თანაარსებობას სწავლობენ. ჰოლივუდში, კულტურის სამინისტროს არარსებობის პირობებში, სფეროს მოწესრიგება და სტანდარტიზება სწორედ ასეთი თვითრეგულაციის გზით მიმდინარეობს, რასაც უკვე საუკუნოვანი ტრადიცია აქვს და რაც, კონტროვერსიული შეხედულებების მიუხედავად, მუშაობს და „ოცნებების ფაბრიკას“ მსოფლიოში ლიდერის პოზიციებს არ ათმობინებს.
ძალიან მალე თბილისში, ლოს-ანჟელესში არსებული Hollywood Film Academy-ს ქართული ფილიალი გაიხსნება, რომელიც არამხოლოდ ადგილობრივ მსმენელებს მისცემს მოკლევადიანი კურსებით სამსახიობო ცოდნის გაღრმავების საშუალებას, არამედ მოყვარულებსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირებს დაეხმარება, შესაძლოა, ბავშვობის ოცნების ახდენაშიც. თუმცა საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ბაზაზე ჩამოყალიბდა, უახლოეს მომავალში დამოუკიდებელ ინსტიტუტად გარდაქმნას გეგმავს, რომელიც საბაკალავრო სწავლების საფეხურზე როგორც ქართველენოვან, ასევე უცხოელ სტუდენტებს ამერიკულ კინოგანათლებას მისცემს სამსახიობო და სარეჟისორო მიმართულებებით. რაც მთავარია, ეს მოხდება აკადემიურ სივრცეში, რაც წამოწყებას დამატებით მომხიბვლელობასა და მნიშვნელობას სძენს. AMARTA ცენტრის იდეის ავტორთან ლინდა კიკოლაშვილთან კინოგანათლების მნიშვნელობაზე საუბარს გთავაზობთ.
დავიწყოთ პრობლემებით. საქართველოში კინოსამსახიობო სკოლა არ არსებობს. რას გვპირდება Hollywood Film Academy?
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს დიდ პატივს ვცემ. რა მოდელითაც იქ ასწავლიან დასაკნინებელი არაა, თუმცა ჩვენ სრულიად ახალ სტანდარტს ვთავაზობთ ქართველ და უცხოელ სტუდენტებს. განსხვავებულ სისტემებს დავამკვიდრებთ, რომელიც ამერიკულ კინოსაგანმანათლებლო სფეროშია აპრობირებული ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მეტყველება, კამერასთან მუშაობა, ქასთინგის სპეციფიკა და რა თქმა უნდა ის დისციპლინები, რომლებიც საბაკალავრო სწავლების ფარგლებშია გათვალისწინებული. ვგულისხმობ უამრავ თეორიულ და პრაქტიკულ მიმართულებას, რაც სტუდენტს განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს ჩამოუყალიბებს და ყოვლისმომცველ ცოდნას მისცემს. როდესაც პროექტი განათლების სამინისტროს წარვუდგინეთ, მათგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. რთულია საქართველოსთვის საგანმანათლებლო სისტემისთვის ამ პროექტის ღირებულების არშემჩნევა.
რას წარმოადგენს Hollywood Film Academy?
Hollywood Film Academy ამერიკაში, ლოს-ანჟელესში მდებარეობს − კინოს დედაქალაქში. ის მულტიფუნქციური დაწესებულებაა, რომელიც აერთიანებს როგორც საგანმანათლებლო მიმართულებას, ასევე აქვს წარმოების მხარეც, რასაც „პროდაქშენის“ სახელით ვიცნობთ და რაც ფილმების დისტრიბუციის რგოლსაც კი მოიცავს. აკადემიაში ცნობილი მსახიობები და სპეციალისტები ასწავლიან. სწორედ ეს განაპირობებს დაწესებულების მაღალ სტატუსსაც. მაგალითად, მსახიობი მიგელ პერესი აქტიურადაა ჩართული აკადემიის სწავლების პროცესში, რომელსაც უამრავი წარმატებული მსახიობის აღზრდა უკავშირდება. პერესი იქნება ჩვენი ლექტორიც, რაც ქართველი მსმენელებისთვის უნიკალურ შანსს აჩენს ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობის უშუალო ხელმძღვანელობით დაეუფლოს ოსტატობას.
სწავლების მეთოდოლოგიაზე რომ გადავიდეთ, რას უნდა ელოდოს მსმენელი, რომელიც თქვენ აკადემიაში ჩააბარებს?
მარტში აკადემიის ვებპლატფორმის ჩაშვებას ვგეგმავთ და როგორც კი ეს მოხდება, მალევე მსმენელთა პირველ ნაკადსაც მივიღებთ. როგორც ვთქვი, სამსახიობო ოსტატობას გაუძღვება მიგელ პერესი, არანაკლებ კვალიფიციურ და ავტორიტეტიან სპეციალისტებთან ერთად. სწავლება იქნება ონლაინ ფორმატში, მით უფრო, შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით.
დასაწყისისთვის სწავლების ენა ინგლისური იქნება, თუმცა ვგეგმავთ ქართული სექტორის დამატებასაც. ჩვენთვის ქართველი სტუდენტები პრიორიტეტს წარმოადგენენ; ამიტომ, პარტნიორებთან მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლების საფასურის 30%-იან ფასდაკლებაზე შევჯერდით, რაც დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება და შეიძლება უფრო დიდ შეღავათებიც მივიღოთ. ონლაინ კურსების ხანგრძლივობა 2 თვის ფარგლებში მერყეობს. პირველ ეტაპზე ჩვენი ცენტრი სეუ-ს ბაზაზე მიიღებს მსმენელებს, რომელსაც კერძო უნივერსიტეტებში ყველაზე ბევრი სტუდენტები ყავს, რაც ამ უნივერსიტეტის ხარისხზეც მეტყველებს. მეორე ეტაპზე კი ვგეგმავთ ჩვენი საკუთარი შენობის აშენებას და იქ უკვე საბაკალავრო საფეხურისთვის განკუთვნილ პროგრამებს გავხსნით. თუმცა მოკლევადიანი კურსების პრაქტიკასაც შევინარჩუნებთ.
აღნიშნული კურსები ქართულ სივრცესთან რამდენად ადაპტირებულია, თუ პირიქით, თქვენი სურვილია ამერიკული განათლების მიცემა მათთვის, ვინც ამერიკაში ფიზიკურად არ იმყოფება?
„ჰოლივუდ ფილმ აკადემის“ საგანმანათლებლო მოდელი ამერიკაში აპრობირებულ სტანდარტზეა დაშენებული, რომელთან წვდომასაც ქართველ მსმენელებს მივცემთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ უახლესი მეთოდოლოგიით შემუშავებულ ონლაინ სწავლების სერვისს ვნერგავთ. სტანდარტებით ხელმძღვანელობა გვეხმარება იმაში, რომ მსმენელს ნაცადი გზებით მოკლე დროში მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ. რაც მთავარია, ეს არ გულისხმობს ინფორმაციული ნაკადის „თავზე დაყრას“, როგორც ეს თუნდაც Youtube-ის საგანმანათლებლო არხებზე ხდება; პირიქით, ჩვენთან საკმაოდ დიდია სწავლების პროცესში ინტერაქციის წილი და ვიცით რა ცოდნა, რა ეტაპზე და, რაც მთავარია, როგორ უნდა შევთავაზოთ კურსების მონაწილეებს.
თუმცა, ქართული კინო ევროპული კინოსკოლის ოჯახის წევრია. ამრიგად, რამდენად გამართლებულად ან მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ასეთ კულტურულ სივრცეში ამერიკული სტანდარტების დამკვიდრება?
აკადემიის წარმომადგენლები ქართული კულტურის, უფრო მეტად კი კინოს კონტექსტს კარგად იცნობენ. როდესაც ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ, გაირკვა რომ ბევრი ქართული ფილმი ჰქონდათ ნანახი ან ფლობდნენ საკმარის ინფორმაციას. მათ ნათქვამს გავიმეორებ ქართულ კინოკლასიკაზე, რომ ეს იყო გამორჩეული სკოლა, რომელმაც მსოფლიო კინოს ბევრი რეჟისორი და შედევრი შესძინა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დრო იცვლება, იცვლება ის როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოშიც. ამრიგად, ჰოლივუდშიც მორიგი დიდი გადათამაშებები მიმდინარეობს, რაც ქართული კინოსთვისაც აქტუალურია. დღესაც ბევრ კარგ ფილმს ვიღებთ, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რისი რესურსიც ნამდვილად გაგვაჩნია. ამიტომ, ჩვენი ცენტრის გახსნა მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარება, ხელს შეუწყობს არსებული კინოსკოლის გაძლიერებასა და განვითარებას. მომდევნო ეტაპზე აუცილებლად მოხდება ქართული გამოცდილებისა და ამერიკული სტანდარტის სინთეზი.
სისტემების სინთეზი ყოველთვის საინტერესოა, რაც შედარებით ძლიერი კულტურების მხრიდან ცალსახა დომინაციის რისკს ამცირებს. როგორ უყურებთ ამ პრობლემას?
მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ჩვენი უნივერისტეტი იქნება ქართულ-ამერიკული, რომელიც გააერთიანებს ქართულ და ამერიკულ ტრადიციებს. თუმცა ქართული სექტორის ყველა პედაგოგი საფუძვლიან გადამზადებას ამერიკაში გაივლის, რათა ამერიკული განათლების ყველა ნიუანსი შეისწავლონ და უკვე შემდგომ მოახდინონ ქართულ სივრცეში ამერიკული განათლების ადაპტაცია. გარდა ამისა, გვექნება უამრავი დისციპლინა, რომელიც სტუდენტს აზიარებს მსოფლიო კინოს ისტორიას, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება ქართული კინოს (ზოგადად ხელოვნების) წარსული და აწმყოც.
განსხვავებით მოკლევადიანი კურსებისგან, საუნივერსიტეტო სწავლება უფრო მეტს გულისხმობს. რას შემოგვთავაზებს თქვენი უნივერისტეტი?
სტუდენტს იმდენად მრავალფეროვან და დატვირთულ პრაქტიკულ საქმიანობას შევთავაზებთ, რომ გამორიცხულია თავდაჯერება და მოტივაცია არ ავუმაღლოთ. ჩვენი კურსდამთავრებული გარკვეული იქნება არა მხოლოდ ადგილობრივ კინოში მიმდინარე ტენდენციებში, არამედ ეცოდინება საერთაოშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობა და რაც მთავარია ნორმები, თუ როგორ მუშაობს ეს სფერო. არაფერს ვამბობთ კონტაქტებზე და იმ პროექტებზე, რომელთა შემოყვანასაც ვგეგმავთ. ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პრაქტიკული სამუშაოების სიუხვე, რასაც ჩვენი სწავლების მოდელი ითვალსიწინებს. პრაქტიკულად, ნებისმიერი თეორიული საკითხის გავლის შემდეგ მათ ნასწავლისა და ნაფიქრისთვის ხორცის შესხმის საშუალება ექნებათ, რომელსაც კვლავ პედაგოგებთან ერთად განიხილავენ, დაამუშავებენ და ა.შ. ასეთი ფუფუნება ბევრ უნივერსიტეტს არ აქვს და მოხარულები ვართ, რომ სწორედ ასეთ წამოწყებას ვუდგავართ სათავეში.
ესაუბრა: გიორგი რაზმაძე
ფოტო: ბაკურ თვრინელი
ძალიან მალე თბილისში, ლოს ანჯელესში არსებული Hollywood Film Academy-ს ქართული ფილიალი
ამერიკელებს სტანდარტები უყვართ, როგორც განათლებაში, ისე თითქმის ყველა სფეროში. მრავალი დაწერილი თუ
მასაგატის გმირი დედოფლის ტომირისის ისტორიასა და ამორძალ ქალთა რაზმზე (ქრისტეშობამდე 6-ე საუკუნის
სი ბი ეს-ის ტელე-რეალითი შოუ „მსოფლიოს საუკეთესოს“ ჟიურის წევრი გოხარ (ჯია) ნოორტა
„მსოფლიოში საუკეთესო“ შეუდარებელ ტალანტ შეჯიბრებად ყალიბდება. ცნობილი სახეებით დაკომპლექტებული ჟიურის გარდა, შოუს დაემატება „მსოფლიო პანელად“ წოდებული უნიკალური ელემენტი.